საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა ახლოვდება, ორი ოპოზიციური ფრაქცია კი რვა მარტის შეთანხმებით ვაჭრობას განაგრძობს - როგორია დასავლეთის მოლოდინი და მოიგებს თუ არა მესამე რაუნდს ქვეყნის უზენაესი კანონი

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენის მოახლოებასთან ერთად, საერთაშორისო გზავნილები ხშირდება.

აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების დღევანდელი მოწოდებები პრაქტიკულად იდენტურია. რვა მარტის შეთანხმების ფასილიტატორ დიპლომატებს სურთ, რომ ახალი საარჩევნო სისტემა რაც შეიძლება მაღალი საპარლამენტო მხარდაჭერით დამტკიცდეს. ორი ოპოზიციური ფრაქცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია და ამ რეჟიმის შეწყვეტას მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში აპირებს. სწორედ ამ კონტექსტში პოლიტიკოსების დღის წესრიგის მთავარი თემა კელი დეგნანის განცხადების ის ნაწილი ხდება, სადაც ის მარტის შეთანხმების ორ პუნქტზე მიუთითებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებაზე, მხარი არ დაუჭირონ ცვლილებებს, ამ დრომდე არც გიროგი რურუას მოწოდებას უმოქმედია, რომელმაც თანამოაზრეებს რეფორმის მხარდაჭერა სთხოვა, თუმცა ორი საპარლამენტო ფრაქცია ბოიკოტის შეწყვეტის პირობად  კვლავ რურუას გათავისუფლებას ასახელებს. მის საქმეზე მორიგი პროცესი სწორედ ცვლილებების მესამე მოსმენით  კენჭისყრის დღეს არის  ჩანიშნული. ბოიკოტის მიუხედავად, მმართველი გუნდი ცვლილებების დამტკიცებაში დარწმუნებულია.

საბოლოოდ ვის ხმას მიიღებს საკონსტიტუციო რეფორმა, ეს ოთხ დღეში გაირკვევა.