საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა - მხარეთა პოზიციები

რეზონანსული პროექტის გარშემო პოზიციის შეჯერებას მმართველი გუნდი ახლა შიდა კონსულტაციების გზით ცდილობს.

მსგავსი მცდელობა დღეს დილითაც იყო, როდესაც პარლამენტის სხდომის წინ მმართველი გუნდი პარტიის ოფისში თავმჯდომარესთან ერთად შეიკრიბა. დაძაბულ შეხვედრაზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოწინააღმდეგეთა დათანხმება მაინც ვერ მოხერხდა. რამდენიმე მათგანი ცვლილებების მიღების შემთხვევაში დეპუტატის მანდატის დატოვებასაც გეგმავს. მათი აზრით, ივნისის, ანუ პროექტის ინიცირების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა რისკებს აჩენს.

შიდა უთანხმოების ფონზე ხელისუფლებას 2019 წლის 24 ივნისის დანაპირებს ახსენებენ სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ითხოვენ.