საკონსტიტუციო ცვლილებები

პარლამენტში დღეს შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდება. მანამდე კი 19 აპრილის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები პოზიციებს საბოლოოდ შეაჯერებენ. კონსტიტუციაში სამი ცვლილება იგეგმება. პირველი – მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2 %-მდე დაწევას ეხება; მეორე ფრაქციების დაკომპლექტების ახალ წესს უკავშირდება, რომლის საფუძველზეც, ფრაქციას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის; მესამე საკითხი კი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს, გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევაა.

მმართველი გუნდი ოპოზიციას ამისთვის ხმათა 3/5-ს სთავაზობს. თუმცა ეს ცვლილებები მოქმედ გენერალურ პროკურორს არ შეეხება. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი დეპუტატების თქმით, დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა არ არის. პროექტი პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ, ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა კი 12 ივლისიდან დაიწყება. პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს წლის ბოლომდე, საშემოდგომო სესიის ფარგლებში დაამტკიცებს.