საკომიტეტო მოსმენა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

ირინა ფუტკარაძემ პარლამენტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე გადაცემების, რადიოს დაფარვის უპრეცედენტო ზრდის, ტექნიკის შესყიდვის, საერთაშორისო პროექტების, ტელეფილმების და არხზე მიმდინარე სხვა პროექტების და გეგმების შესახებ. ასევე ისაუბრა მიმდინარე და სამომავლო პროგრამულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ირინა ფუტკარაძემ ანგარიშის წარდგენისას დეპუტატებს ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის და მისი შესრულების შესახებაც მიაწოდა. ანგარიშის მოსმენის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უერთდება იმ დადებით შეფასებებს, რაც პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობასთან დაკავშირებით გამოითქვა. საზოგადოებრივ მაუწყებელს დეპუტატებმა მადლობა აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიისთვისაც გადაუხადეს. საქართველოს პირველი არხი, როგორც უსაფრთხო მედია, 2020 წლიდან ეთერში აღარ ათავსებს სათამაშო ბიზნესის რეკლამას.

პარლამენტის წევრებმა ანგარიშის მოსმენის შემდეგ ბორდის თავმჯდომარეს შეკითხვები დაუსვეს ტექნიკური გადაიარაღების გეგმასთან დაკავშირებითაც, რომლის განსახორციელებლად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომერციული ბანკისაგან 45 მილიონი ლარის მოცულობის კრედიტი აიღო.