საკომიტეტო მოსმენა

„ავადობის გამომწვევ მიზეზებს შორის გარემო ფაქტორი მეორე ადგილზეა“, – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზებად კი ავტომობილის გამონაბოლქვს და მშენებლობების დროს მტვრის შემცველობას ასახელებენ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ატმოსფერული ჰაერის შესახებ თემატური მოკვლევის ფარგებში დღეს უკვე მეორე მოსმენა გამართა. ღონისძიება ხვალ დასრულდება და მასში მონაწილეობას თბილისის მერიის წარმომადგენლები მიიღებენ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი პირველი კომიტეტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტში თემატური მოკვლევის პრაქტიკა დანერგა. მოკვლევის მიზანი გარემოს დაცვასთან დაკავშირებით საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებაა.