ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი ხუთი ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს.
მონეტების დიზაინის თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების გუნდის სიმბოლიკიდან არის აღებული და სრულად შეესაბამება მის ბრენდბუქს. მონეტის ერთ მხარეს გამოსახულია ნაკრების ლოგო და ლოგოს დიზაინის მთავარი სიმბოლო – მხედარი, რომელიც ებრძვის გველეშაპს. მონეტაზე დატანილია წარწერა „მე ვარ საქართველო“. მონეტის მეორე მხარეს კი გამოსახულია ნაკრების ფეხბურთელთა მაისურის დიზაინი, რომელიც ნაკრების ახალ ბრენდთან ერთად შეიქმნა.
მონეტა შეიცავს მოვლენის აღმნიშვნელ წარწერებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ნომინალს და გამოშვების წელს. პარტნიორად შერჩეულ ლიეტუვის ზარაფხანაში უკვე დაწყებულია ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტების დამზადების პროცესი, რომლის დასრულება და რეალიზაცია მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.