ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს.
ბიჭიკო პაიკიძეს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდებასაც ედავება. პაიკიძე 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „ბიპი ტრანსის“, რომლის საქმიანობა საგამოძიებო უწყებების ინტერესის სფეროში ექცევა. სუს-ის საგამოძიებო მასალების მიხედვით, დეპუტატის კომპანიამ 2021-22 წლებში ჩატარებული სამუშაოების დროს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი ოთხ მილიონ ლარზე მეტი თანხა მიითვისა. პაიკიძეზე ძებნაა გამოცხადებული, ამავე საქმეს სხვა ფიგურანტებიც ჰყავს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატის კომპანიასთან სხვადასხვა ტენდერის გამო პრეტენზიები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსაც აქვს. რეზონანსული საქმეების მიმართ ინტერესს პაიკიძის სადეპუტატო საქმიანობის გარდა კიდევ ერთი ფაქტორი ზრდის – „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსანთან ახლო კავშირები.