სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება
კიდევ ერთი გამოძიება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ეხება.
საუბარია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე და 9 365 801 ლარზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა. დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – ასეა ფორმულირებული ბრალი, რომლის საფუძველზეც, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა. გამოძიების თანახმად დაკავებულები შპს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მოტყუებით დაეუფლნენ ბაღების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხის ნახევარს. დანაშაულებრივი გეგმის შედეგად, სარეაბილიტაციო გამზადებული 30 საბავშვო ბაღიდან კი არცერთი არ განახლებულა. არ არის გამორიცხული საქმეში მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეების დანაშაული გამოიკვეთოს, გამოძიება ახლა სწორედ დანაშაულებრივ სქემის სხვა ფიგურანტების გამოსავლენად მუშაობს.