სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიში

12:06, 21.04.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტი 62-გვერდიანია. ანგარიშს ჯერ საკომიტეტო ფორმატში, შემდეგ კი – პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ანგარიში რუსეთის მიერ ანექსიისკენ მიმართულ პროცესებს ეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წელს რუსეთმა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პროცესის მართვის რიგი ცვლილებები განახორციელა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევად კვლავ რჩებოდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და თანმდევი დესტრუქციული პროცესები, მათ შორის, უკანონო მილიტარიზაცია და სამხედრო წვრთნები, რომლებიც რიგ შემთხვევაში უპილოტო საფრენი აპარატების ჩართულობით მიმდინარეობდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლების მსგავსად, ჰიბრიდული ომის კომპონენტის გამოყენება გრძელდებოდა, მათ შორის უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია, რაც მიზნად ისახავდა ადგილზე არსებული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს დაზიანებას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაცია განაგრძობდა ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო რეჟიმმა სადამსჯელო ღონისძიებებით, ისეთი პირების იზოლაცია სცადა, რომელთაც ანტირუსული განწყობების ხელშეწყობა და მოსახლეობაზე ზეგავლენის მოხდენა შეეძლოთ.

საანგარიშო პერიოდში დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთ ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების ახალგაზრდული სეგმენტი. ასევე, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა. უწყება აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში შენარჩუნებული იყო საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წარმოების მზარდი ტენდენცია. მათი ცნობით, უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან ერთად, კამპანიაში აქტიურად ჩართული იყვნენ საქართველოში მოქმედი ცალკეული ჯგუფები, სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო თუ რეგიონული ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები.

მსგავსი