სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

საპროტესტო აქციებისას დაკავებული ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროკურატურას მიმართა. ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით დაკავებულმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სუს-ის თანამშრომლები მის არასრულწლოვან შვილს გატაცებით დაემუქრნენ. უწყებამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ: „ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა პროკურატურას, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში – ერთი მხრივ, თეორიულადაც რომ დავუშვათ განცხადებაში მოტანილი ფაქტების სისწორე, ის დეტალურად არის გამოსაძიებელი, მეორე მხრივ კი არ შეიძლება ვინმეს შეეძლოს საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურს ასე ხელაღებით დააბრალოს სასტიკი დანაშაული. ორივე შემთხვევაში გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი, სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს“ – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.