სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყებაში აცხადებენ, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და აქტივისტების მხრიდან მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები. განცხადებაში ვკითხულობთ: „მიუხედავად ამისა, ხსენებული მედია-პლატფორმების არცერთ წარმომადგენელს უსაფრთხოების სამსახურისთვის ამ დრომდე არ მოუმართავს. თავის მხრივ, არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მიგვიღია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურიდანაც. ამ უკანასკნელმა გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა ასეთი ქსელების უკრაინასთან, ფრონტის ხაზზე და აფრიკის კონტინენტზე არსებობის შესახებ. ამავე დროს, განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოზე დატანილმა ლოკაციამ დატოვა მათ მიერ გახმოვანებული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის სივრცე საქართველოს შესახებ. ჩვენ პროაქტიურად ვცდილობთ გავარკვიოთ, რითი იყო გამოწვეული, მათივე განცხადებისგან განსხვავებული ისეთი მასალის გავრცელება, რომელმაც კონკრეტულ ჯგუფებს საქართველოში ცრუ და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის წარმოების საშუალება მისცა“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.