სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში - შეფასებები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშს პოლიტიკური სპექტრი აფასებს. ოპოზიციის ერთი ნაწილი უწყების მუშაობას არ ენდობა და აცხადებს, რომ უსაფრთხოების კუთხით წარმოდგენილ გამოწვევებზე ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. მმართველი გუნდი ანგარიშს დადებითად აფასებენ. დოკუმენტში მთავარ გამოწვევად ისევ ოკუპაცია და რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები, ასევე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დესტრუქციული მოქმედებები სახელდება. ცხინვალისკენ მიმავალი გადასასვლელების ჩაკეტვა, მოქალაქეების გატაცებები, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საქმეები, ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა – ვრცელი ანგარიში სწორედ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს ეხება. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ – „ჰესების მოწინააღმდეგეთა აქციები გასცდა სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები სხვადასხვა სახის სადაზვერვო ღონისძიებების განსახორციელებლად ცდილობდნენ აქტიურად გამოეყენებინათ საკუთარ ქვეყნებში მოქმედი პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფონდების შესაძლებლობები“. – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.