სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში
ვინ გეგმავდა საქართველოში სამოქალაქო არეულობის მოწყობას – საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია სუს-ის ბოლო ანგარიშმა.
2024 წლის შემაჯამებელი დოკუმენტის დიდი ნაწილი იმ გეგმაზე საუბარს ეთმობა, რომელიც უწყების განმარტებით, ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა მხრიდან მზადდებოდა. გეგმის მიზნად ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა სახელდება. საუბარია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან პოლიტიკურ ლიდერებთან და მედიის წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარებაზე, საეჭვო კავშირებსა და დაფინანსებაზე. პოლიციელებთან დაპირისპირება, პროვოკაცია, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება და მსხვერპლი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გეგმის შესრულებაში უკრაინაში მყოფი ქართველებიც იყვნენ ჩართულები. აქცენტია გაკეთებული 14 დეკემბერს ჩატარებულ ინაუგურაციაზე. სუს-ის ცნობით, ამ დღეს პარლამენტში პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლა იგეგმებოდა. სუს-ის ანგარიშში შესაძლო მსხვერპლად ხელისუფლების მაღალი თანამდებობების პირებზეა მითითება. ანგარიშში ოკუპაცია კვლავ ქვეყნის მთავარ გამოწვევად არის დასახელებული.