ვინ ცდილობდა 2023 წელს საქართველოში დესტაბილიზაციას – სუს-ის უფროსმა პარლამენტს გასული წლის ანგარიში ჩააბარა. დოკუმენტში საუბარია ცალკეული გარე თუ შიდა ძალების მხრიდან ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ნიადაგის მომზადებისა და დესტრუქციული პროცესების მცდელობებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი შესაბამის მტკიცებულებებზეც მიუთითებს და ხაზს უსვამს, რომ მათი ნაწილი ჯერ არ გასაჯაროებულა. ანგარიშის მიხედვით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო პარტიების რეიტინგები, მოახლოებული არჩევნები და საზოგადოების განწყობები.
მთავარ გამოწვევად ისევ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა დასახელებული. ამ კონტექსტში ყურადღება მახვილდება ანექსიისკენ მიმართული პროცესების გაგრძელებაზე – მითითებულია კონკრეტული ფაქტებიც. სუს-ის ხელმძღვანელის გამოსვლას ოპოზიციის მცირე ნაწილი ესწრებოდა. ხელისუფლების ოპონენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობით უკმაყოფილოები არიან. ოპოზიციონერი აქტორები უწყებას პოლიტიზებულად მიიჩნევენ და მის ძირეულ რეფორმირებას ითხოვენ.