სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პარლამენტს 2022 წლის ანგარიში გააცნო. ანგარიშის წარდგენა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა და გვიან ღამით დასრულდა. 54-გვერდიან დოკუმენტში გრიგოლ ლილუაშვილმა აქცენტი ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე და ტერორისტული საქმიანობის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე გააკეთა.
უწყების ხელმძღვანელმა მთავარ გამოწვევად ოკუპაცია დაასახელა, განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასწია მაქსიმალური ძალისხმევა, რომ ქვეყანას თავიდან აეცილებინა არაპროგნოზირებადი ეროვნული ინტერესებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესები. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სხდომა დახურულ ფორმატში გაგრძელდა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მათ მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს.