სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

ხმაურიანი განხილვა პარლამენტში.

ოპოზიცია სუს-ის 2022 წლის ანგარიშით უკმაყოფილოა. სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარდგენილ დოკუმენტში ოპოზიციონერი დეპუტატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნიშნებს ვერ ხედავენ. სიტუაცია დარბაზში მაშინ დაიძაბა, როცა კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიწყო და სხდომა მედიისთვის დაიხურა. უკრაინის ომის ფონზე გაჩენილი უსაფრთხოების ახალი გამოწვევები, რუსეთთან ფრენების აღდგენა, სანქციები, საზღვრების კონტროლი, რუსეთის მოქალაქეების შემოდინება – ეს საკითხები ოპოზიციის ყველაზე დიდი ინტერესის საგანი იყო. დაისვა კითხვები ბოლო პერიოდში მომხდარ კონკრეტულ ძალადობრივ ფაქტებზეც. ხელისუფლების ოპონენტები სუს-ს მმართველი გუნდის პოლიტიკური დავალებების შესრულებაში ადანაშაულებენ. თუმცა, ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატებისგან დადებითი შეფასება მოჰყვა ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ასახავს. დღეს წარდგენილი ანგარიში და სუს-ის უფროსის მოადგილის მიერ დეპუტატების კითხვებზე გაცემული პასუხები პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ახალ თემად იქცა.