სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

სუს-ი განვლილ წელს აჯამებს.

2021 წელს გამოვლენილ საფრთხეებს შორის ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ქმედებებიც არის დასახელებული.

ანგარიშის მიხედვით, მითითებული ჯგუფების მიზანი შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობა, დესტაბილიზაცია, სახელმწიფო უწყებების მუშაობის შეფერხება და ხელისუფლების დამხობა იყო, რაზეც გამოძიებაც მიმდინარეობს. საუბარია 10-მდე საქმეზე, ფიგურანტები არ სახელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დესქტრუქციულ ქმედებებში ყოფილი ძალოვნების ჩართვაც იყო დაგეგმილი.

განვლილი წლის ანგარიშში მთავარ გამოწვევად ისევ ოკუპაცია და რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები, ასევე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დესტრუქციული მოქმედებები სახელდება. ცხინვალისკენ მიმავალი გადასასვლელების ჩაკეტვა, მოქალაქეების გატაცებები, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საქმეები, ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა – ვრცელ ანგარიშში საუბარია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ კონკრეტული ნაბიჯებზეც.

გიორგი კობერიძე გაეცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემაჯამებელ ანგარიშს.