სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი
განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. განათლების სამინისტროს ცნობით, მოდელი ორ ძირითად კომპონენტს – საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას მოიცავს. საბაზო დაფინანსება გულისხმობს დაფინანსების განსაზღვრას აკადემიური პროგრამების შესაბამისად, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მიხედვით. ამასთან, უნივერსიტეტების დაფინანსებისას გათვალისწინებული იქნება სტუდენტთა რაოდენობაც, რაც სასწავლო პროცესთან და სტუდენტების მომსახურებასთან დაკავშირებული საბაზო ხარჯებს დაფარავს. აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. საბაზო დაფინანსებას ეტაპობრივად დაემატება შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი. ახალი მოდელი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ხელს შეუწყობს განავითარონ საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე უზრუნველყონ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ღირსეული სამუშაო პირობები და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.