სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის დაკითხვა

ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მთავარ პროკურატურაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის დაკითხვა.

ასევე, რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა გამომძიებლების შეკითხვებს „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე. მიხეილ ბენიძის განცხადებით, მან გამოძიებას მიაწოდა ყველა ინფორმაცია, თუმცა კონფიდენციალური წყაროს დასახელებისგან თავი შეიკავა.

რაც ეხება სოსო გიორგაძეს, მისი თქმით, საქართველოს პროკურატურაში წარადგინა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ იმ პერიოდში, როდესაც ეკა გიგაურის თქმით, პირადობის მოწმობების გაყალბების შესახებ თათბირი გაიმართა, მივლინებაში იმყოფებოდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა არასამთავრობოების ბრალდებებს აბსურდი უწოდა.

მედიასთან კომენტარი გააკეთა პროკურორმაც. ამირან გულუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოძიებას არ მიაწოდეს ინფორმაცია წყაროსთან დაკავშირებით, შესაბამისად, მათ გამოძიებასთან სრულყოფილად არ ითანამშრომლეს.

რაც ეხება მეორე მხარეს, პროკურორის თქმით, მათ წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი იმ დროისთვის ნამდვილად მივლინებაში იმყოფებოდა და შესაბამისად, არასამთავრობოების მიერ დასახელებულ თათბირს ვერ დაესწრებოდა.

საქმეზე გამოძიება 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობს.