სახელმწიფო მინისტრი ერგნეთში

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. თეა ახვლედიანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ერგნეთში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.

აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ერგნეთში მოსახლეობას შეხვდნენ და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ აგვისტოს ომის მუზეუმში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც სახელმწიფო მინისტრმა ანგარიში წარადგინა და ოკუპაციის შედეგებზე და მოსახლეობის მდგომარეობაზე ისაუბრა. კომიტეტის გასვლით სხდომაზე მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.