სახელმწიფო კლინიკები პანდემიის შემდეგ

„კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატება ჯერ არ აისახება ჰოსპიტალურ სექტორზე.

მეექვსე ტალღის გადავლის და ეპიდემიოლოგიური ვითარების შედარებით დასტაბილურების შემდეგ, ბოლო თვეებია საავადმყოფოები საქმიანობის ძველ რეჟიმს უბრუნდებიან. მსხვილი კოვიდ-კლინიკები ჰიბრიდულ რეჟიმზე მუშაობენ და მომავალში ახალი მიმართულებების გაძლიერებასაც გეგმავენ. მათ შორისაა ორი წლის წინ შექმნილ სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი სახელმწიფო კლინიკებიც, რომლებიც ორწლიანი ზეწოლის და მძიმე რეჟიმში მუშაობის შემდეგ ახალ გამოწვევებთან ადაპტირებას ცდილობენ. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კერძო საავადმყოფოებისთვის კონკურენციის გაწევაა.