სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, ახალი სახელმწიფო ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა, რომლის უფლებამონაცვლე სახელმწიფო ინსპექტორი იქნება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებაში ამჟამად მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები შევა.

ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებაში ექცევა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.