სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველი იანვრიდან შეიქმნება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველი იანვრიდან შეიქმნება. სწორედ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაზეც დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს.

თეა წულუკიანის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორი ორი უმთავრესი ფუნქციით შეიქმნება. პირველი ეს არის სამართალდამცავი სტრუქტურების და მათი წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ზოგიერი დანაშაულის გამოძიება, როგორიცაა წამება, წამების მუქარა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და დანაშაული, რომელიც შეიძლება ასეთმა პირმა ჩაიდინოს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

სახელმწიფო ინსპექტორს ასევე ექნება ის ფუნქციებიც, რაც დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს. სახელმწიფო ინსპექტორი არ დაექვემდებარება აღმასრულებელ ხელისუფლებას, არამედ ანგარიშვალდებული იქნება საკანონმდებლო ორგანოსთან.

იცვლება ინსპექტორის შერჩევის წესიც. ცვლილებების მიხედვით, კანდიდატურებს შეარჩევს კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ხელისუფლების სამი შტოს, ასევე არასამთავრობო სექტორისა და ომბუდსმენის წარმომადგენლებისგან. მათ მიერ შერჩეული კანდიდატები წარედგინება პრემიერ-მინისტრს. მათგან მთავრობა უკვე ორ კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს და საბოლოოდ, სწორედ საკანონმდებლო ორგანო აირჩევს სახელმწიფო ინსპექტორს. ახალ ინსტიტუტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორს.