აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვების დაწესების მიმართულებით მუშაობს. როგორც აშშ-ის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი, სანქციები გათვალისწინებული იქნება იმ სამართალდამცველების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში და მუნიციპალური ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც „ბოროტად გამოიყენეს უფლებამოსილება ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, მათ შორის არის ხმის მიცემის უფლება იძულების ან დაშინების გარეშე“. „დღევანდელი ქმედება ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ სავიზო მოქმედებებს, აფართოებს აშშ-ის სანქციებს, რომლებიც სექტემბერში დაწესდა საქართველოს ოფიციალურ პირებზე და ავსებს გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ ქმედებებს და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ქმედებებს. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წევრების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ხალხის გვერდით და კვლავ მოწოდებული ვართ, ხელი შევუწყოთ პასუხისმგებლობის დაყენებას მათ მიმართ, ვინც თანამონაწილეა ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის მათ დემოკრატიულ მომავალს“, – აღნიშნულია მეთიუ მილერის განცხადებაში.