სახალხო ზეიმი პანკისობა ჩაიშალა

სახალხო ზეიმი პანკისობა ხეობაში ჩაიშალა, ამ წუთებში სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად, საპროტესტო აქცია იმართება. შეკრებილები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

რა ხდება ადგილზე, ამას ჟანა დიდებაშვილი გვეტყვის.

აქციის გამართვამდე, მალხაზ მაჩალიკაშვილი, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები სოფელ დუისში დიდების მემორიალთან იყვნენ შეკრებილები. მათ პროტესტის ნიშნად, მემორიალის შესასვლელი გადაკეტეს და პანკისობაზე მიმავალ მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა ავტომობილმა ტერიტორიაზე შესვლა სცადა.

მომხდარის გამო აქციის სამი მონაწილე დაშავდა. მათგან ორი მცირეწლოვანია. შემთხვევა პანკისის სათემო რადიომ გადაიღო. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. დაშავებულებს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. სამართალდამცველებმა კი ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. უკვე დაწყებულია გამოძიებაც. საბოლოოდ პანკისი 2018 აღარ ჩატარდა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ ღონისძიება დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით გაუქმდა.