სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი

სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტში კონსულტაციები აქტიურ ფაზაში შედის. ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იქნება თუ არა ლევან იოსელიანი კომპრომისული კანდიდატურა. პოლიტიკოსის სტატუსის გამო გიორგი ვაშაძის შემდეგ მხარდაჭერაზე უარს ამბობს გიორგი გახარიას პარტიაც. კითხვები აქვს „გირჩს“, რომელიც ჯერ ფიქრის პროცესშია. ინდივიდუალურად გაკეთებულ განცხადებებს თუ არ ჩავთვლით, პოზიცია ჯერ არ ჩამოუყალიბებია „ნაციონალურ მოძრაობას“. საკუთარ პოზიციას მომავალ კვირას დააფიქსირებს „ქართული ოცნება“, რომლის ლიდერები პარტია „მოქალაქეების“ მიერ წარდგენილი კანდიდატის კვალიფიკაციას დადებით შეფასებას აძლევენ.

პროფესიით იურისტი ლევან იოსელიანი, რომელიც პოლიტიკაში წასვლამდე ადვოკატი იყო, ამ ეტაპზე ომბუდსმენობის ერთადერთი კანდიდატია. თუ „ქართული ოცნება“ მის მხარდაჭერაზე თანხმობას იტყვის, იოსელიანს პოსტზე ასარჩევად კიდევ მინიმუმ შვიდი ხმა, ანუ ჯამში 90 ხმა სჭირდება. ერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ახალი სახალხო დამცველის დროულად არჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო ერთ-ერთი რეკომენდაციაც ითვალისწინებს.