სახალხო დამცველის შერჩევა - კონსულტაციები პარლამენტში

სახალხო დამცველის კანდიდატურის გარშემო კონსენსუსის მიღწევის მესამე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

19-დან რვა კანდიდატამდე შემცირებული სია დღევანდელ კონსულტაციებზე ხუთამდე დავიდა. მასში ვეღარ მოხვდა ერთადერთი პოლიტიკოსი კანდიდატი, იაგო ხვიჩია.

ქეთევან ჩაჩავა, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე და გიორგი მარიამიძე ის კანდიდატები არიან, რომელთა გარშემო შეთანხმებას ოპონენტებს „ქართული ოცნება“ სთავაზობს. ოპოზიცია უარს ამბობს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი პირველივე დღიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ სამ კანდიდატს უჭერს მხარს.დრო იწურება. კენჭისყრამდე ოთხი დღე რჩება, თუმცა ორივე მხარისთვის მისაღებ კანდიტატზე შეთანხმება და ომბუდსმენის ასარჩევად საჭირო 90 ხმის მობილიზება ამ წუთამდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.