სახალხო დამცველის სარჩელი

ბათუმში დაწყებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. საუბარია მერიის იმ პროექტზე, რომელიც ავარიული სახლების ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. ამ პროექტის განსახორციელებლად პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ ცვლილებებს, სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ომბუდსმენის არგუმენტია, რომ კოდექსში შეტანილი ცვლილებები ხელისუფლებას სამშენებლო რეგულაციების თვითნებურად შეცვლის, სამშენებლო კომპანიებს კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმების იგნორირების უფლებას აძლევს. აქცენტი K2 კოეფიციენტისა და შენობების სიმაღლეზე დაწესებული ზღვრის გადაჭარბების საფრთხეზე კეთდება. ომბუდსმენის სარჩელს თორნიკე რიჟვაძის მწვავე რეაქცია მოჰყვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პროექტის გაჩერებას გამორიცხავს და ნინო ლომჯარიას ახსენებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ძველ ბათუმზე არ ვრცელდება.