სახალხო დამცველის სარჩელი

სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა, რომლითაც გასაჩივრებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა. ამის შესახებ, ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე განმარტებით, შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა.