სახალხო დამცველის მიმართვა

ე.წ. მიყურადების ფაილების საქმეზე სახალხო დამცველმა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელსა და საქართველოს პარლამენტს მიმართა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2021 წლის 13 სექტემბერს ინტერნეტ-სივრცეში განთავსდა უამრავი ადამიანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული მონაცემები და გავრცელებული მასალების უპრეცედენტო მოცულობის გათვალისწინებით აშკარაა, რომ აღნიშნული მასალა, სახელმწიფო ორგანოების მიერ სავარაუდოდ მიღებულია უკანონო ფარული თვალთვალის შედეგად. როგორც სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, საქართველოს პარლამენტს არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები და სახალხო დამცველი მიმართავს  პარლამენტს, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოწვევა. ასევე სახალხო დამცველი პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, ჯოზეფ კანატაჩის სთხოვს, მანდატის ფარგლებში შეისწავლოს და შეაფასოს საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე ამავე მიზნით ეწვიოს საქართველოს.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.