სახალხო დამცველის განცხადება
საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, ლევან იოსელიანი მიმართავს შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, რათა მიიღოს ინფორმაცია განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ. „სახალხო დამცველი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე შეისწავლის საჯარო განცხადებაში მითითებულ სხვა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს, მათ შორის, სასამართლო სხდომის დახურვის სამართლებრივ საფუძვლებს, დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენასა და საქმის მასალებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. ამასთან, ექსპრემიერის მორიგი წერილი საპატიმროდან გუშინ გავრცელდა. – ,,ჩრდილოვანი მართლმსაჯულება” – ასე უწოდებს ირაკლი ღარიბაშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს. ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება სასამართლო სხდომების დახურვასთან დაკავშირებით შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად სიმართლის დამალვას ისახავს. ღარიბაშვილის განცხადებით, მოსამართლეს მის წინააღმდეგ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა და კომბინირებული დანაშაულის შესახებ აცნობა, თუმცა ხელისუფლებას რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.