სახალხო დამცველი აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. ცალსახად ვლინდება მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს მომიტინგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, ასევე ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა.
გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და დაშინების მიზანზე.
ცალკე ყურადღებას იმსახურებს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და სისასტიკის ხარისხი, მათი ტექნიკის სავარაუდო მიზანმიმართული დაზიანება, რაც წარმოადგენს ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემცველ ქმედებებს და ხელს უშლის მათ პროფესიულ საქმიანობაში.
მთელი ღამის განმავლობაში სახალხო დამცველის რწმუნებულები ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით.