სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიში

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე. ლევან იოსელიანის თქმით, ანგარიშში ის ტენდენციები და გამოწვევებია გამოკვეთილი, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს. ასევე აღნიშნულია ბოლო პერიოდში მიღწეული გარკვეული პროგრესი. იოსელიანის თქმით, 2025 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელს უშლის ქვეყანაში ადამიანის უფლებების სათანადოდ დაცვას. „დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა უფლებრივ მდგომარეობაზე, საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დაუსჯელობით წახალისებულ უკანონო დაკავებებზე და პატიმრობაზე, ე.წ. ბორდერიზაციაზე, საკუთრების უფლების დარღვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობაზე, ეთნიკური ნიშნით დევნასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. იოსელიანის თქმით ანგარიშის ვრცელი ნაწილი ეთმობა 2024 და 2025 წლების საპროტესტო აქციებზე გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მათ არაეფექტიან გამოძიებას, გამოხატვის თავისუფლების დაცვას და, მათ შორის, საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების ფაქტებს, სავარაუდოდ, პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციების საჯაროდ გამოხატვის გამო. საუბარია პენიტენციურ დაწესებულებათა გადატვირთულობაზე, მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმების ხარვეზებზე; ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც ლევან იოსელიანის თქმით, წლებია გადაუჭრელია. სახალხო დამცველის ანგარიში 500- მდე გვერდს მოიცავს.