პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტიც. ის 18 კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. მთავრობის ინიცირებული ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის სასჯელის ახალი სახე – ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, რაც იმ უცხოელების წინააღმდეგ ამოქმედდება, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ვადა ორიდან ათ წლამდე იქნება, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში კი, შესაძლოა, იყოს ქვეყანაში 5-დან 20-წლამდე ვადით შემოსვლის აკრძალვა. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც შევა და ჯარიმები იმ უცხოელებისთვის გამკაცრდება, ვინც ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის წესებს დაარღვევს.