საკანონმდებლო ინიციატივა - შეფასებები

პოლიტიკური შეფასებების თემაა „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში უკვე დარეგისტრირებული მედიასთან დაკავშირებული ორი საკანონმდებლო პაკეტი. მმართველი გუნდის განცხადებით, კანონი ბრიტანული „ბიბისის“ სტანდარტის ანალოგი იქნება და მედიაგარემოში დემოკრატიულ სტანდარტებს უზრუნველყოფს. აღნიშნულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ის, რაც ბრიტანეთში წარმატებით მუშაობს, საქართველოში მედიაცენზურას შეუწყობს ხელს.

კანონი „მაუწყებლის შესახებ“ პარლამენტში მიმდინარე კვირას დარეგისტრირდა. ბრიტანული „ბიბისის“ სტანდარტი ზღუდავს ჟურნალისტების მიერ ისეთი ინფორმაციის გაშუქებას, რომელიც ზიანს მიაყენებს სხვა ადამიანს ან ორგანიზაციას. აწესებს ქცევის კოდექსს ჟურნალისტებისათვის. კრძალავს ფარულად ჩაწერილი აუდიო ან ვიდეომასალის გამოყენებას, თუ ეს არ იქნება აბსოლუტური აუცილებლობა საზოგადოების ინფორმირებისთვის. ამ სტანდარტების ანალოგის განხილვას და დამტკიცებას საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გეგმავს. 24 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიცირა. ცვლილებების მიხედვით, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება აიკრძალება. ამასთან ერთად. იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.