საკანონმდებლო ინიციატივა - შეფასებები

რელიგიური ნაგებობებისა და სიწმინდეების შეურაცხყოფის ფაქტებზე, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდეს. სამების ტაძარში მომხდარი ინციდენტის, მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის შემდეგ, მმართველი გუნდი ახალი რეგულაციების შემოღებას ფიქრობს. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, კანონპროექტი უახლოეს პერიოდში დაინიცირდება და განხილვა თებერვალში დაიწყება. ანრი ოხანაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა უკვე დაწყებულია, შესწავლის საგანი იქნება საერთაშორისო და, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება. ახალ საკანონმდებლო ინიციატივას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი წარმოდგენილ ინიციატივას მხარს არ უჭერს.