მმართველი გუნდის კიდევ ერთი ინიციატივა მედიას ეხება, რომელსაც მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია და მედიის დევნაზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ინიციატივა ბრიტანული კანონმდებლობის გაზიარებას გულისხმობს, რომლითაც ქვეყანაში „ფეიკ ნიუსის“ – ყალბი ამბების გავრცელებას უნდა ებრძოლონ და ამით სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდება. ეს განცხადება შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნების“ გეგმით, ბრიტანული კანონმდებლობის გათვალისწინებით, შეიქმნება პროექტი, რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. მათი თქმით, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს.