პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ ძალადობის პრევენციის მიზნით, შეკრების მონაწილეებს სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა აღარ უნდა შეეძლოთ. ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკაზეც საუბრობს და მაგალითად გერმანია მოჰყავს, სადაც შეკრების მონაწილეების მიერ სახის დაფარვა აკრძალულია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამ გზით საპროტესტო აქციები მშვიდობიან ფორმას შეინარჩუნებს. კანონდარღვევის შემთხვევაში კი კანონდამრღვევის იდენტიფიცირება მარტივად მოხდება. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ახალი კანონით პროტესტის შესუსტებას ცდილობს. ახალი კანონი, რომელიც შეკრებებზე სახის დაფარვის აკრძალვას ეხება, თვის ბოლოდან ამოქმედდება. მას პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირაში მიიღებს.