საკანონმდებლო ინიციატივა

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას თანმდევ პროექტებთან ერთად, სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილავენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ინიციატივა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.

ცალკეულ ქმედებებზე იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები, ასევე ჯარიმები ამოქმედდება საჯარო მოსამსახურის თუ სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, ჯარიმის ნაცვლად პატიმრობით დაისჯება ძალადობრივი ქმედებების საჯარო მოწოდებებიც. პოლიციელებზე ძალადობის თუ მუქარის ფაქტებზე კი პატიმრობის ვადები გაიზრდება. „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია.