საკანონმდებლო ინიციატივა

10 მარტიდან პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭო გაუქმდება და მის ნაცვლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი შეიქმნება, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა.

სიპ-ს პარლამენტიდან ბიუჯეტიც გადაჰყვება და ჰერალდიკის საბჭოს თანამშრომლებიც კონკურსის გარეშე დაინიშნებიან. ცვლილება ეხება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასაც. რომელიც სიპი გახდება და პარლამენტის ნაცვლად კულტურის სამინისტროსთან კოორდინაციაში იმუშავებს. ბიბლიოთეკას პარლამენტიდან მისთვის კუთვნილი ბიუჯეტი ექნება. კიდევ ერთი სიახლე პარლამენტის კვლევით ცენტრს ეხება. 10 მარტიდან კვლევითი ცენტრის გაუქმება იგეგმება და თანამშრომლებს 3-თვიანი კომპენსაცია გადაეცემა. ცენტრის ფუნქციას პარლამენტის აპარატი შეითავსებს. რეგლამენტში და რამდენიმე კანონში შესატანი ცვლილებები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა და დაგეგმილი ცვლილებების საჭიროებები განმარტა.