საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. კენჭისყრის დროს დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილები თითქმის ცარიელი იყო. დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც“. 2007 წელს მიღებულ კანონში შეტანილი ცვლილებებით, მთავრობას უფლება ეძლევა, რომ გარკვეული შემზღუდავი ზომები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და, შესაბამისად, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გაატაროს. თუმცა, იმ დათქმით, რომ შეზღუდვები 15 ივლისამდე იმოქმედებს.

ჩანაწერის მიღმა საფრთხეებს, მათ შორის კანონის წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საშიშროებას ხედავს ოპოზიცია, რის გამოც კენჭისყრას წინ მწვავე განცხადებები უძღოდა. ოპონენტებმა, საპარლამენტო კონტროლის შესანარჩუნებლად, მმართველ გუნდს რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტიც შესთავაზეს.

საპასუხოდ უმრავლესობის ლიდერები ამტკიცებენ, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის ბერკეტი მაინც შენარჩუნებული იქნება. დიდი ალბათობით, კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება.