საკანონმდებლო ცვლილებები – პოლიტიკური შეფასებები
ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტს, პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებულ პაკეტში, მთავარი ცვლილება გრანტების შესახებ კანონს ეხება. ამასთან, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ზუსტდება „გრანტების“ განმარტება. დასჯადი ხდება გარელობიზმი. გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი პირის მიერ, ნებისმიერი სუბიექტისთვის ფულადი ან ნატურალური სახსრების გადაცემა, რომელიც შესაძლოა, ახდენდეს გავლენას ხელისუფლებაზე. ინიციატივის ავტორები განმარტავენ, რომ მათი მიზანი კონსტიტუციური წესრიგის დაცვა და ამ მიმართულებით, სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერებაა. ოპოზიცია კი – მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და მმართველი პარტია ლეგიტიმაციის პრობლემის სამართლებრივი გზით გადაჭრას ცდილობს.