საკანონმდებლო ცვლილებები პარტიების საქმიანობასთან დაკავშირებით
კონსტიტუციის სავარაუდო დამრღვევი პარტიების რაოდენობა ცნობილია – „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელით, აკრძალვა ჯამში ათამდე პარტიას ემუქრება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ვინ მოხვდება შავ სიაში – ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. საფუძველი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაა. კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედება, დესტრუქციული საქმიანობა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების პერმანენტული დაზიანების მცდელობები კი ის მთავარი არგუმენტებია, რის გამოც „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან დაკავშირებულ პარტიებს პასუხისმგებლობას აკისრებს და მათი გაუქმების მოთხოვნით სარჩელის ბოლო დეტალებს ათანხმებს. მძიმეა ადრესატთა რეაქცია. ოპოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილებას დემოკრატიულ უკუსვლად და ოპონენტებზე რეპრესიების გაგრძელებად აცხადებს. უკვე დამტკიცებულია საკანონმდებლო პაკეტიც, რომლითაც პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში, ამ პარტიის წევრებს პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალებათ.