საკანონმდებლო ცვლილებები ჩამორთმეული მართვის უფლებების აღსადგენად
„სხვადასხვა ვადით ჩამორთმეულ მართვის მოწმობებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის და ის 2026 წლიდან უნდა ამოქმედდეს. კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება ყველას, გარდა მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/გასაღებას გულისხმობს. ამნისტია ასევე არ შეეხება იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პირისთვის ჩამორთმეულ მოწმობას, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან გარდაცვალება მოჰყვა. სტატისტიკური მონაცემებით, სხვადასხვა მიზეზით, სულ 35 445 მართვის მოწმობაა შეჩერებული. ამნისტიასთან ერთად, უქმდება კანონის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ვადამდე აღიდგინოს.