საკანონმდებლო ცვლილებები

ცვლილებები იგეგმება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში.

ინიციატივას საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს, პროცესი მომავალ კვირაში დაიწყება. ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას ვეღარ შეძლებენ. დღეს მოქმედი კანონით, პოლიტიკური პარტიებისთვის დაუშვებელია შემოწირულობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან და საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, გარდა ლექციის, სემინარის ან მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობისა. მოქმედი კანონის მიხედვით, შეზღუდვები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იმ იურიდიულ პირებზე არ ვრცელდება, რომელთა მიზანი პარტიების ინსტიტუციური განვითარებაა, რაც რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებას არ უკავშირდება. ცვლილებების ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“.

ოპოზიცია დაგეგმილ ცვლილებებს თავისუფალი აზრის მიმართ რეპრესიულ მიდგომას უწოდებს.