საკანონმდებლო ცვლილებები
 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატან ცვლილებათა პაკეტს დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ინიციატივა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. ცვლილებების მიხედვით, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება. ცალკეულ ქმედებებზე იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები, ასევე ჯარიმები ამოქმედდება საჯარო მოსამსახურის თუ სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, ჯარიმის ნაცვლად, პატიმრობით დაისჯება ძალადობრივი ქმედებების საჯარო მოწოდებებიც. პოლიციელებზე ძალადობის თუ მუქარის ფაქტებზე კი პატიმრობის ვადები გაიზრდება. ცვლილებათა პაკეტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.
 
ოპოზიციური სპექტრი ამ ინიციატივას დევნად აფასებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპული სტანდარტებიდან გადახვევაა. განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია.