საკანონმდებლო ცვლილება
 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტს დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე წარუდგენს. ცვლილებათა პაკეტით, უცხოელთა მიმართ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება, კერძოდ, უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასჯელის ახალი სახე იარსებებს, რომელიც საქართველოდან გაძევებასა და განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვას გულისხმობს.
 
შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის წარდგენილი კანონის პროექტით, სასჯელის სახით დანიშნულ საქართველოში შემოსვლის აკრძალვაზე, დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით განსხვავებული ვადები დგინდება. კონკრეტულად, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უცხოელს შეიძლება, დაენიშნოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 2-დან 10 წლამდე ვადით, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კი 5-დან 20 წლამდე ვადით. ასევე დაგეგმილია ჯარიმების გაზრდა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესების დარღვევის გამო.