საკადრო ცვლილებები – განხილვა პარლამენტში
სუს-ის ახალი ხელმძღვანელის წარდგენის შემდეგ პროცესი პარლამენტში ინაცვლებს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სამშაბათიდან ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. მამუკა მდინარაძის შემცვლელს, გეკა გელაძეს პარლამენტი 28 აპრილს დაამტკიცებს. კენჭისყრამდე კი სუს-ის მომავალი ხელმძღვანელი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 11 თვის განმავლობაში იკავებდა, მის სამოქმედო გეგმას და პრიორიტეტებს დეპუტატებს საკომიტეტო ფორმატში გააცნობს. 7-თვიანი მუშაობის შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურიდან მთავრობაში ინაცვლებს მამუკა მდინარაძე და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად ხუთშაბათიდან დაიკავებს. მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტსაც შეითავსებს. მთავრობის სტრუქტურას ახალი, მე-15 უწყება, პარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ დაემატება. საკითხს საკანონმდებლო ორგანო ორშაბათიდან დაჩქარებული წესით განიხილავს და საბოლოოდ, ოთხშაბათს დაამტკიცებს. ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით, სხვა სამთავრობო ცვლილებებს პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება არ სჭირდება.