საკადრო ცვლილებები 

მთავრობაში საკადრო ცვლილებები გრძელდება.

ორი დღის წინ პრემიერის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება შეიცვალა – სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების სამინისტროს აღარ უხელმძღვანელებს. უწყებას, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან განცალკევდება და ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდება, თბილისის მერის მოადგილეს ჩააბარებენ. რატომ შეიცვალა ლილუაშვილთან დაკავშირებული გეგმა – ოფიციალურ მიზეზად სამინისტროს საქმიანობის გარშემო გასხვავებული ხედვები დასახელდა. რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს – პარლამენტმა 79 ხმით ყოფილი დეპუტატის და იუსტიციის უკვე ყოფილი მინისტრის, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ოკუპაცია, ჰიბრიდული საფრთხეები, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის დაზიანების მცდელობები, სხვადასხვა ძალის მიერ პოლიტიკური ვითარების გამწვავება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ნიადაგის მზადება – კანონმდებლების წინაშე გამოსვლის დროს სუს-ის ახალმა ხელმძღვანელმა საკუთარი უწყების მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.