საინვესტიციო კლიმატი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს აფასებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დადებით ტენდენციებთან ერთად შენიშვნებიც იკითხება. პოზიტიურად ფასდება ბიზნესის დასაწყებად შექმნილი პირობები, საგადასახადო პოლიტიკა და საერთაშორისო რეიტინგები, სადაც ქვეყანა რეგიონში მოწინავე პოზიციას იკავებს. მთავარ გამოწვევად კი სასამართლო სისტემა, გაჭიანურებული ბიზნეს-დავები და ინვესტორების მხრიდან სასამართლო სფეროსადმი ნდობის ნაკლებობა სახელდება. კერძოდ, დოკუმენტის ავტორთა აზრით, პრობლემაა კომერციულ საქმეებზე კომპეტენტური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და დროულად გამოტანა და ზოგიერთი საქმის წლობით განხილვა. სწორედ ამ ნაწილზე აკეთებს მთავარ აქცენტს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტთა აზრით, მთავრობამ ვაშინგტონიდან სერიოზული გზავნილები მიიღო, რაც სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმირების აუცილებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მმართველი გუნდი კი მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ შენიშვნებს სასამართლო რეფორმის მომდევნო ტალღის დაანონსებით პასუხობს.